შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ჩუღურეთის რაიონში პატრულ-ინსპექტორებმა დააფიქსირეს მამაკაცი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული და თავს ესხმოდა მოქალაქეს. სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე, რომ შეეწყვიტა უკანონო ქმედება, ბრალდებულმა აგრესია გამოხატა და დანით დაჭრა ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა. ინციდენტის შედეგად დაჭრილი მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაადგინეს, რომ მათი სიცოცხლისთვის საფრთხე არ არსებობს. ჩატარებული დევნის შედეგად, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად არის ამოღებული. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.