თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე დამნაშავედ ცნო და მათ სამივე პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებამ დანაშაული ეჭვს მიღმა დაამტკიცა. გიორგი ჯოხაძეს, რომელიც დაკავებულია, და ძმებს, რომლებიც ძებნაში არიან, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ. ასევე, გელა უძილაური ცნეს დამნაშავედ ლევან ჯანველაძის განზრახ მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის და მასაც უვადო პატიმრობა მიესაჯა. სანდრო ცივცივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქმეზე ბრალი წაყენებულია ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართაც, რომელიც ასევე საერთაშორისო ძებნაშია.